წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

ყველა ერს მისთვის დამახასიათებელი იუმორი აქვს. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ ინგლისური იუმორის თავისებურება შემდეგია - ყურადღება გამახვილებულია წვრილმანებზე ზოგადი აბსურდულობის ფონზე. ხშირად ინგლისური იუმორი გაუგებარია სხვა ეროვნების წარმომადგენლებისათვის, რადგან არ ესმით ის რეალიები, რომლებზეც ანეკდოტსა თუ იუმორისტულ გამონათქვამებშია საუბარი.

თვითირონია ფრანგული იუმორის დამახასიათებელი მთავარი ნიშანია, ისინი ხუმრობენ საკუთრ თავზე, თუმცა, თუკი იმავეს სხვა ადამიანი იტყვის მათზე, შეიძლება განაწყენდნენ. ფრანგებისათვის იუმორი ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა.

ევროპელთაგან ესპანელები განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩევიან. თუმცა, ცნობილია, რომ მათი ანეკდოტების უმეტესობა ეროტიკულ ქვეტექსტს შეიცავს. ესპანელები ხომ თავს საწინააღმდეგო სქესის გულთამპყრობელებად მიიჩნევენ, ამდენად, გასაკვირიც არაფერია.

საყოველთაოდაა ცნობილი იუმორისტული ისტორიები ცნობილ ადამიანებზე და, აგრეთვე, მათი იუმორისტული გამონათქვამები.

მაგალითად, მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა, ისააკ ნიუტონმა, ერთხელ, სასეირნოდ წასვლისას, კარზე დატოვა აბრა წარწერით: სახლში არ ვარ”. დაბრუნებულმა, რომ წაიკითხა თავისივე ნაწერი, იფიქრა, არ არიან სახლშიო და გაბრუნდა.

ამერიკაში ჩასვლისას ალბერტ აინშტაინს მეგობარი შეხვდა. დიდი მეცნიერი არასოდეს არ ამჟღვნებდა განსაკუთრებულ ინტერესს სამოსისადმი და მეგობარმა შენიშვნა მისცა, შეუფერებლად გაცვიაო.

-რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არავინ მიცნობსო,იყო პასუხი აინშტაინისგან.
ამის შემდეგ, გავიდა ხანი, აინშტაინმა ფარდობითობის თეორია შექმნა და საქვეყნოდ ცნობილი ადამიანი გახდა, თუმცა ჩაცმის სტილი კვლავ არ შეუცვლია. კვლავ შეხვდა ორი მეგობარი ერთმანეთს:

- ალბერტ, ახლა უკვე ნამდვილად აღარ გეკადრება ეგეთი სამოსით სიარული,უთხრა მას მეგობარმა.

- რა მნიშვნელობა აქვს, უკვე მაინც ყველა მიცნობს,უპასუხა ალბერტმა.

შემდეგი ისტორია ჰოლივუდის ლეგენდას, მერლინ მონროსა და ალბერტ აინშტაინს უკავშირდება. მერლინი მსოფლიოს ულამაზეს ქალად იყო აღიარებული, აინშტაინი კი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა, განსხვავებით მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებისაგან. თურმე მერილინმა ხუმრობით უთხრა, წარმოიდგინე, რომ დავქორწინდეთ, რა ლამაზი და ჭკვიანი ბავშვები გვეყოლებაო. აინშტაინმა, არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა - წარმოიდგინე, გარეგნობით მე რომ დამემსგავსოს და ინტელექტით შენ, ბავშვი რა ცოდო იქნებაო.

ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებული იუმორით აკაკი წერეთელი და ნოდარ დუმბაძე გამოირჩეოდნენ. აკაკის იუმორისტული გამონათქვამები მისი ნაკვესების სახელითაა ცნობილი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემებდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: ”თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო”. მეორე დღეს უკან დაბრუნებულ აკაკის ჰკითხა:
-
როგორი დრო გაატარეო?

- რა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე კიდევ ლექსებმაო,- მიუგო აკაკიმ.

ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის:
-
ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდანო?

- შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდიო,- მოუჭრა სიტყვა აკაკიმ.