გრამატიკა

IDevice Icon
გვარი: აქტიური და პასიური სუბიექტი - აქტიური და პასიური ზმნა

 

სუბიექტურ პირსა და ზმნით გამოხატულ მოქმედებას შორის ურთიერთობა სხვადასხვაგვარია. შევადაროთ ერთმანეთს ასეთი ფორმები: „წერს“ და „იწერება“.

„წერს“ (ბავშვი დავალებას) ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება გამომდინარეობს სუბიექტური პირისგან, რომელსაც მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით.

„იწერება“ (წერილი) ფორმა გვიჩვენებს, რომ ზმნით აღნიშნული მოქმედება არ გამომდინარეობს სუბიექტური პირისგან, არამედ იგი თვითონ განიცდის ამ მოქმედებას.

„წერს“ ზმნას აქტიური სუბიექტი შეეწყობა, ამიტომ თვით ეს ზმნა აქტიურია, ანუ მოქმედებითი გვარისაა;

„იწერება“ ზმნას პასიური სუბიექტი შეეწყობა, ამიტომ თვით ეს ზმნაც პასიურია, პასივია, ანუ ვნებითი გვარისაა.

მოქმედებითი გვარის ზმნა გარდამავალია, ორპირიანი ან სამპირიანი: აკეთებს (ის მას), ხატავს (ის მას), ჭამს (ის მას)...

ვნებითი გვარის ზმნა გარდაუვალია, ერთპირიანი ან ორპირიანი: იწერება (ის), იხატება (ის)... კეთდება (ის),,, ეხატება (ის მას)...

მოქმედებითი გვარის ზმნის ვნებითად გადაკეთება ერთი პირის დაკლებას იწვევს, საპირიანი ზმნა ორპირიანი ხდება, ორპირიანი - ერთპირიანი: მალავს (ის მას) - იმალება ის, აშენებს (ის მას) - შენდება (ის)... უშენებს (ის მას მას) - უშენდება (ის მას), უკეთებს (ის მას მას) - უკეთდება (ის მას)...

მოქმედებითი გვარის ზმნას სპეციალური ნიშანი არა აქვს; ასეთი ნიშანი აქვს ვნებითი გვარის ზმნას.

ვნებითს აწარმოებს:

პრეფიქსი ი-: იყიდება, იზრდება, იმალება...

პრეფიქსი ე-: ეყიდება, ეზრდება, ემალება...

სუფიქსი -დ: შენ-დ-ება, წითლ-დ-ება, შავ-დ-ება...

ცალკე გამოყოფენ ფორმებს, რომელთაც ფორმა მოქმედებითისა აქვთ, შინაარსი კი ვნებითისა: გორავს (შეადარე მოქმ. გორავს, ვნ. გორდება), დუღს (შეადარე მოქმ. ადუღებს, ვნ. დუღდება)...

ამათ საშუალი გვარის ზმნებს უწოდებენ.

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P125/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P125/2

 

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P125/3