კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ადამიანის საუბრის მოსმენა გსიამოვნებთ, ზოგთან კომუნიკაცია კი გღლით და ცდილობთ, მათთან ურთიერთობას თავი აარიდოთ. მიგიქცევიათ ყურადღება, როგორ მოსაუბრეებს უსმენთ ყურადღებით და ინტერესით, რა გამახსოვრდებათ დიდხანს? ზოგი ადამიანი ამბობს, იმ მოსაუბრეს უსმენენ, ვინც ხმადაბლა, მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობს, აინტერესებს თანამოსაუბრეების რეაქცია, მოსაზრება და არ ცდილობს, საუბრის პროცესში ინიციატივა მთლიანად აიღოს ხელში. ზოგი ამბობს, რომ მთავარია, რა თემაზე საუბრობს ადამიანი და როგორ აწვდის თანამოსაუბრეებს თავის სათქმელს. ზოგი ადამიანი კი ფიქრობს, რომ რაც უფრო პოზიტიურია საუბრის თემა და მოსაუბრეც ოპტიმისტური, პოზიტიური კუთხიდან საუბრობს, მით უფრო სასიამოვნოა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. ამის ყველაზე ცნობილი მაგალითი შემდეგია: ნუ იტყვით, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, ამის მაგივრად თქვით, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ყველაზე მძიმე და რთულ სიტუაციებშიც კი ისაუბრეთ არა იმაზე, თუ რა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, არამედ შეეცადეთ, იფიქროთ და ისაუბროთ, როგორ მოძებნოთ გამოსავალი.

არავინ კამათობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფლობენ განსაკუთრებულ უნარს, ისაუბრონ სასიამოვნოდ, საინტერესოდ, ხალისიანად, დააინტერესონ თანამოსაუბრეები და მსმენელები და აიყოლიონ ისინი ლაპარაკში. მართალია, ამ ნიჭით ყველა არ იბადება, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ კარგი მოსაუბრეები. სხვათა შორის, საუბრის ხელოვნებას უძველესი დროიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში რიტორიკა, ანუ საუბრის ხელოვნება, ერთ-ერთი სასწავლო საგანი იყო, რომელიც მაშინდელ აკადემიებში (უმაღლეს სასწავლებლებში) ისწავლებოდა.

პირადი საუბრების გარდა, არსებობს საჯარო გამოსვლა, რომელიც განსხვავდება ახლობელ ადამიანებს შორის დამყარებული კომუნიკაციისაგან. არსებობს პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებს ხშირად უხდებათ საზოგადოების წინაშე წარდგომა ანუ საჯარო გამოსვლა. ყველაზე ხშირად ფართო აუდიტორიის წინაშე სიტყვის წარმოთქმა უწევთ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, იურისტებს, დიპლომატებს, ლექტორებს, ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობის სფეროც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტთანაა დაკავშირებული.

საჯარო გამოსვლის მიზ, რომ პუბლიკ მიაწოდოს ახალი ინფორმაცია ან დაარწმუნოს თავისი ნათქვამის თუ მიზნის სისწორეში. საჯარო გამოსვლის ძირითადი სახეებია: პოლიტიკური სიტყვა ან მიმოხილვა, დიპლომატიური გამოსვლა, სააგიტაციო სიტყვა, კამათი, დისკუსია, პრესკონფერენციასა და ბრიფინგზე წარმოსათქმელი სიტყვა, ლექცია, მოხსენება, სამეცნიერო მიმოხილა ან ინფორმაცია, საიუბილეო სიტყვა და ა. შ.

ვისაც საჯარო გამოსვლის გამოცდილება აქვს, ყველამ იცის, რომ ეს პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ შიშთან და ღელვასთან. უფრო მეტიც, როგორც გამოკვლევები ადასტურებს, ადამიანებს შორის არსებულ შიშებს შორის სიტყვით გამოსვლას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ამ შიშის დასაძლევი ყველაზე ეფექტური და იოლი გზაა, ვფლობდეთ საჯარო გამოთქმის ხელოვნებას და ვიცოდეთ პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ტექსტი უნდა აიგოს. როგორც ვხედავთ, საჯარო გამოსვლის ტექსტები მრავალგვარია და თითოეულ მათგანს, ბუნებრივია, თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს, თუმცა, არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც საჯარო გამოსვლის მომზადებაში დაგვეხმარება.