წაიკითხეთ და შეისწავლეთ

IDevice Icon

 

წაიკითხეთ და შეისწავლეთ საჯარო გამოსვლის ტექსტის ტრუქტურა:

 

ტექსტი იწყება მისალმებით, ორატორი აუდიტორიას წარუდგენს საკუთარ თავს და ცდილობს მიიპყროს აუდიტორიის ყურადღება. საჯარო გამოსვლა შეგიძლიათ დაიწყოთ შემდეგი სიტყვებითა და გამოთქმებით: მოგესამებით, ძვირფასო სტუმრებო, მე გახლავართ ...; მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოების წევრებო, ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ... მოგესალმებით ჩვენი ორგანიზაციის სახელით და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის; ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ ..... მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და გთხოვთ, აქტიურად ჩაერთოთ პრეზენტაციის პროცესში; მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას და მადლობას მოვახსენებთ მობრძანებისათვის; იმედი გვაქვს, ჩვენი შეხვედრა საინტერესო იქნება თქვენთვის; პატივცემულო სტუმრებო, შევეცდებით, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ.

შემდგომ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს საჯარო გამოსვლის მიზანი; გამოიყენეთ შემდეგი ენობრივი საშუალებები:

ჩვენი გამოსვლის მიზანია წარმოგიდგინოთ; ჩვენ შევეცდებით ავხსნათ და დავასაბუთოთ; თქვენ წინაშე წარმოვადგენთ; განსახილველად გთავაზობთ; ჩვენს გამოსვლაში წარმოგიდგენთ; თქვენ წინაშე წარმოვადგენთ; აუდიტორიას ვთავაზობთ განსჯისათვის...

  • მიზნის განსაზღვრას მოჰყვება საჯარო გამოსვლის ძირითადი ნაწილი, რომელშიც გამომსვლელი აყალიბებს თავის მთავარ სათქმელს, პოზიციას, მოჰყავს არგუმენტები და აცნობს დამსწრე საზოგადოებას. თქვენი აზრის ფორმულირებაში დაგეხმარებათ შემდეგი ფრაზები: ჩვენი პოზიცია შემდეგია; ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ... ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ... მოყვანილი ფაქტები მეტყველებს... მართალია, არსებობს სხვა პოზიცია, მაგრამ, ჩვენი აზრით... მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებული პოზიცია, წარმოდგენილი ფაქტებიადასტურებს... ჩვენი პოზიციის მხარდასაჭერად გამოდგება შემდეგი არგუმენტები; ჩვენი ძირითადი სათქმელი ის არის, რომ...; ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ... ჩვენს პოზიციას ამყარებს ... და ა.შ.

 

  • საჯარო გამოსვლის შეჯამებაში ნათლად წარმოაჩინეთ, თუ როგორია თქვენი პოზიცია და რა დასკვნამდე მიხვედით. ამ დროს ეფექტურია შემდეგი ენობრივი საშუალებები: თქვენს ყურადღებას კიდევ ერთხელ შევაჩერებთ იმ ფაქტზე, რომ... ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ... ამ ფაქტებისა და არგუმენტების შეჯერების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ... მოყვანილი მაგალითები და ფაქტები ცხადყოფს, რომ... ჩვენი მსჯელობის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ...
  • საჯარო გამოსვლის ბოლო ნაწილში კიდევ ერთხელ უნდა გადაუხადოთ მადლობა აუდიტორიას მობრძანებისა და ყურადღებისათვის. სთხოვეთ მსმენელებს, დაგისვან კითხვები. გამოიყენეთ შემდეგი ფრაზები და გამოთქმები: კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საუბარი გაგრძელდება... დიდი მადლობა თქვენ მიერ გამოჩენილი ინტერესისათვის... მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს შენიშვნებსა და კომენტარებს... ახლა კი პასუხს გავცემთ თქვენსთქვენი მოსაზრებები, შენიშვნები და კომენტარები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია... თქვენს ყველა შენიშვნასა და კომენტარს ჩვენს შემდგომ საქმიანობაში გავითვალისწინებთ.

  • საჯარო გამოსვლის დასრულება:

კიდევ ერთხელ გადაუხადეთ მადლობა სტუმრებს, რომ დაგითმეს დრო და გამოიჩინეს ყურადღება თქვენი გამოსვლის მიმართ. შეეცადეთ, შეარჩიოთ კეთილგანწყობილი და მადლიერების გამომხატველი გამოთქმები, როგორებიცაა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი აქ ყოფნა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას; ჩვენი გამოსვლის დასასრულს გვინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მადლიერება მობრძანებისათვის. დაბოლოს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა სტუმრებს, თქვენ მიერ გამოჩენილი ინტერესი ჩვენთვის დიდი სტიმულია;

  • არსებობს კიდევ ერთი წესი, რომელსაც საჯარო გამომსვლელები იცავენ. ისინი მადლობას უხდიან ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ტექსტის მომზადებაში დაეხმარნენ - მიაწოდეს ფოტოები ან ახალი ინფორმაცია, გაუწიეს ტექნიკური დახმარება და სხვა. ეს შეიძლება გააკეთოთ სიტყვის დასაწყისშიც, სანამ ძირითად ტექსტზე გადახვალთ და ბოლოშიც, როდესაც თქვენი გამოსვლის მთავარ ნაწილს დაასრულებთ. გამოხატეთ მადლიერება შემდეგი სიტყვებით: ჩვენი პრეზენტაციის მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა ქალბატონ ..... .............. რჩევები; აქ წარმოდგენილი ფოტომასალა მოგვაწოდა ...............; რის გამოც მას დიდ მადლობას ვუხდით; უღრმესი მადლობა .................... ტექნიკური მხარდაჭერისა და საჯარო გამოსვლის ვიზუალური მხარის მომზადებისათვის; საგანგებო მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ბატონი .............. -ის მიმართ.