წაიკითხეთ ტექსტი - 1

IDevice Icon

ქორწინება თითქმის ყველა კულტურაში წარმოადგენს ქალისდა კაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, ოფიციალურად რეგისტრირებული კავშირია. ამ რეგისტრაციის გარეშე პირთა თანაცხოვრება ქორწინებად არ ჩაითვლება.

მომავალმა მეუღლეებმა უნდა დაადასტურონ, რომ ქორწინება ორივე მათგანის სურვილია და არ არსებობს მათი ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები. მაგალითად, დაუშვებელია ქორწინება ისეთ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი პარტნიორი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვასთან. დაუშვებელია ქორწინება ოჯახის წევრებს ან ნათესავებს შორის და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებს შორის.

რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით როგორც ერთმანეთის მიმართ, ასევე შვილების მიმართ. დაუშვებელია ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის უფლებების შეზღუდვა და აკრძალვა.

ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მეუღლეებს წარმოეშვებათ ქონებრივი უფლებებიც. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა. ორივე მათგანს თანაბარი უფლება აქვს ამ ქონებაზე. მისი განკარგვა უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმებით. თანასაკუთრების უფლება წარმოიშვება მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ეწევა საოჯახო საქმიანობას, უვლის შვილებს და არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. ქონებრივი უფლებები და მოვალეობები უფრო კონკრეტულად შეიძლება საქორწილო ხელშეკრულებითაც იქნეს მოწესრიგებული.

სამწუხაროდ, ბოლო ხანებში იმატა განქორწინებების რიცხვმაც, რომელიც სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. განქორწინებების მიზეზებად სახელდება ეკონომიკური პირობები, ალკოჰოლიზმი და ნარკოდამოკიდებულება, ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან ღალატი, განსხვავებული ინტერესები, ემოციური და ფიზიკური შეუთავსებლობა და ა. შ. ცნობილია, რომ განქორწინება უარყოფითად აისახება როგორც წყვილის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ისე მათ შვილებზე.

განქორწინება შეიძლება მოხდეს როგორც სასამართლოს, ასევე მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით. სასამართლოში მიმართვა საჭირო არ არის, თუ თქვენ არ გყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ დავობთ ქონებაზე. მაგრამ თუ თქვენ ამგვარი პრეტენზიები გაქვთ და ალიმენტსაც მოითხოვთ, მაშინ ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. განქორწინება დაუშვებელია ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ქალი არ განაცხადებს თანხმობას. სასამართლო განხილვისას შეიძლება დაწესდეს შერიგების ვადაც.

თუ ერთ-ერთ მეუღლეს სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლისა, განქორწინების მსურველ მეუღლეს შეუძლია განცხადებით მიმართოს სამოქალაქო რეესტრს, წარუდგინოს მეუღლის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მოითხოვოს ქორწინების შეწყვეტა.

განქორწინების გადაწყვეტილებასთან ერთად სასამართლომ უნდა განსაზღვროს არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათ სასარგებლოდ მოთხოვნილი ალიმენტების დაწესების საკითხი. მან ასევე უნდა გადაწყვიტოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის საკითხიც. უნდა დადგინდეს, რა ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და როგორი ფორმით არის შესაძლებელი ამ ქონების გაყოფა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში, რომელიც გასცემს განქორწინების მოწმობას