წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon

ეს ოჯახი 10 წლის წინ შეიქმნა. ისინი ერთად სწავლობდნენ, მეგობრობდნენ... მერე ერთმანეთი შეუყვარდათ და 1 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ჯერ მათი ნიშნობა იყო, შემდეგ კი, ერთ თვეში – ქორწილი. მალე გოგო შეეძინათ, 3 წლის მერე კი – ვაჟი.

ერთხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ... ქმარი ხშირად იგვიანებდა, სვამდა. ცოლი სულ მარტო იყო ბავშვებთან. მათ შორის თანდათან სიყვარული გაქრა, სულ ჩხუბობდნენ, დათმობას არც ერთი არ ფიქრობდა. რაც დრო გადიოდა, ქმარი უფრო და უფრო უხეში ხდებოდა. თვითონ რა უჭირდა – ლამის ყოველდღე ქეიფობდა, ზოგჯერ სახლში მეგობარი ქალებიც კი მოჰყავდა... ცოლი განმარტოვდებოდა ხოლმე და ტიროდა. ახლა უკვე აღარც კამათობდა ქმართან – იცოდა, რომ იგი ხელის გარტყმასაც აღარ მოერიდებოდა.

და აი, ერთ დღეს...

- კარგი რა, კიდევ მთვრალი მოხვედი? არ გრცხვენია? ოჯახი არ გინდა?

- დამანებე თავი! არ დაიწყო ახლა შენებურად. კაცი ვარ და ვიქეიფე! ყელში ამომივიდა შენი წუწუნი და საყვედურები!

- არაფერს არ იკლებ, მე კი მთელი დღე ვშრომობ, სახლში ვარ გამოკეტილი; შენი გულისთვის სამსახურსაც დავანებე თავი.

- მაგაზე მადარდე! თუ არ მოგწონს ასე ცხოვრება, წადი, სადაც გინდა!

- ბავშვები? ბავშვებს რა ვუყო?

- ოჰ, დაიწყო ისევ თავიდან!

- უნამუსო კაცი ხარ, რა უნდა გელაპარაკო!

- როგორ მიბედავ!...

... და მოხდა ის, რაც ამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მეორდებოდა: ქმარმა ცოლს გაარტყა... გამწარდა ქალი: ამდენი ხნის დაგუბებულმა წყენამ ერთბაშად იფეთქა და გადაწყვეტილებაც მიიღო: ქმარს გაყრით დაემუქრა და ბავშვებიანად ოჯახი დატოვა. იგი თავის მშობლებთან წავიდა.

* * *

   მეორე დილას ქალი თავის ბიძაშვილთან, რამაზ აგლაძესთან, მივიდა, რომელიც რაიონში ადვოკატად მუშაობდა.

რამაზი უხსნის, რომ სასარჩელო განცხადებაა დასაწერი. დაწერასაც შეჰპირდა.

რიმა ეუბნება, რომ უნდა იჩივლოს ცემაზეც. ადვოკატი პასუხობს: გაყრა – სამოქალაქო საქმეა, ცემა კი – სისხლის სამართლისა და ეს პროცესები ცალ-ცალკე უნდა წარიმართოს. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა მოითხოვოს ქალმა – ქონების შუაზე გაყოფა, თუ ალიმენტზეა მარტო ლაპარაკი. რიმა ითხოვს, ქორწინების მერე შეძენილი ქონება გაიყოს, ბავშვებს კი ალიმენტი დაენიშნოთ. მან პროკურატურაში შეიტანა განცხადება  ცემის ფაქტზე მოკვლევის დასაწყებად.

 

 გადმოეცით წერილობით ტექსტის მოკლე შინაარსი.