წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

რასაკვირველია, თანამედროვე სამყაროში ბევრი ცვლილება მოხდა, შეიცვალა ურთიერთობები, შეცვლილმა ურთიერთობებმა ახალი ტიპის ოჯახური ურთიერთობები ჩამოაყალიბა, უფრო მეტიც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, “ოჯახის” ცნება გარკვეულად შეიცვალა. ამის მაგალითად ასახელებენ არარეგისტრირებული ქორწინებების გაზრდილ რაოდენობას ევროპასა და ამერიკაში, ან ქორწინებებს, რომლის დროსაც ქალი და მამაკაცი ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობენ, თუმცა ჰყავთ შვილები და თავიანთ ურთიერთობასაც „ოჯახს“ უწოდებენ. ქალები საკუთარ მომავალს მხოლოდ ოჯახში აღარ ხედავენ, არც მამაკაცები ჩქარობენ ოჯახური კავშირის დამყარებას, აცნობიერებენ რა პასუხისმგებლობას, რომელიც დააწვებათ. თანამედროვე მამაკაცი, განსაკუთრებით დასავლურ კულტურაში, ისევე ზრდის შვილებს და ასრულებს საოჯახო საქმეებს, როგორც ქალი. ამბობენ, დღეს ოჯახის შექმნის ვადამ, საშუალოდ, 10 წლით გადაიწია. დღესდღეობით ტრადიციულ ოჯახებშიც, რომლებშიც მეუღლეები ერთად ცხოვრობენ, საერთო ქონება და მეურნეობა აქვთ, მამაკაცი თმობს ლიდერის როლს, ცოლ-ქმარი თანაბრად ინაწილებს ნებისმიერ ოჯახურ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას, იქნება ეს საოჯახო საქმეები, ფინანსური პრობლემების მოგვარება თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

დღეს ხშირად გაიგებთ, რომ დაიკარგა ტრადიციული ფასეულობები და ოჯახური ცხოვრების ისეთი განუყოფელი ატრიბუტები, როგორებიცაა: ერთობლივი სადილი ან ვახშამი, ნათესაური თავყრილობები, რომლებზეც ყველა თაობის წარმომადგენლები ერთად იკრიბებოდნენ, ბებია-ბაბუების როლი ოჯახურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველაფერი გაცილებით იშვიათად ხდება, თუმცა, ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ადამიანების მოუცლელობა უფროა, ვიდრე ტრადიციული ოჯახური კავშირების შესუსტება.