კითხვა / წერა

IDevice Icon წაიკითხეთ ტექსტი

 

 

შერეულ (ტრანსნაციონალურ) ქორწინებას უწოდებენ ისეთ ქორწინებას, როდესაც პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნის, ეროვნების, კულტურის წარმომადგენლები არიან.

ქორწინების ეს სახე უძველესი დროიდან გვხვდება მსოფლიო მასშტაბით. ძველად ახალი თაობის წარმომადგენლებს თავიანთი ცხოვრების პირადი გადაწყვეტილებით მოწყობის საშუალება ნაკლებად ჰქონდათ. ადრე შერეული ქორწინების მიზეზები იყო, ძირითადად, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამშვიდობო და სხვ. ასე სხვადასხვა ქვეყნის, ეროვნების წარმომადგენლები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, იქმნებოდა ვაჭრობის შესაძლებლობა, ხშირად იძენდნენ მოკავშირეს ომისა თუ სხვა გასაჭირის დროს. შერეული ქორწინებების მაგალითებს საკმაოდ ხშირად ვხვდებით საქართველოშიც. გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, რომელსაც ყივჩაღთა მეთაურის ასულის ცოლად შერთვა სამხედრო ძალების ყივჩაღებით შევსებასა და გაძლიერებაში დაეხმარა. მართლმადიდებელი ქრისტიანები და მუსულმანებიც ქმნიდნენ ოჯახებს, თუმცა, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინების შემთხვევები გაცილებით მეტი იყო და არის ახლაც.

შერეული ქორწინებები ხშირი იყო სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჯვაროსნული ომების შემდეგ აღმოსავლეთში ბევრი ევროპელი რაინდი თუ მეომარი ჩამოვიდა, რომლებიც დაქორწინდნენ ადგილობრივ ქალებზე. შერეული ქორწინებების რაოდენობას ზრდიდა უცხოელი ვაჭრების მომრავლება დიდ ქალაქებში.

XXI საუკუნეში, გლობალიზაციის ეპოქაში, კიდევ უფრო ხშირია ტრანსნაციონალური ქორწინებების შემთხვევები. საზღვრების გახსნამ გამოიწივია ინტენსიური სოციალური კონტაქტები, ადამიანები ტოვებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს და უცხო ქვეყნებში მიდიან სასწავლებლად, სამუშაოდ, ემიგრაციაში ან სამოგზაუროდ. თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ჩაკეტილი საზღვრების გამო, შერეული ქორწინებები საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელთა შორის ხდებოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს სტატისტიკა შეიცვალა. სოციალური ქსელებისა და ინტერნეტკომუნიკაციის სხვა საშუალებების წყალობით კიდევ უფრო იზრდება შერეული ქორწინებების რიცხვი.

სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების წესსა და კულტურულ თავისებურებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის თანაცხოვრების პერიოდში შეიძლება კონფლიქტებიც. პარტნიორებს შორის უსიამოვნება შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებულმა წეს-ჩვეულებებმა, გენდერულმა როლებმა, ტრადიციებმა, ოჯახურმა ურთიერთობებმა.

შერეული ქორწინებისას შეიძლება ორივე პარტნიორი ცხოვრობდეს არა თავიანთ, არამედ სხვა, მესამე ქვეყანაში. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანს უწევს ხოლმე მეორის სამშობლოში სამუდამოდ დამკვიდრება, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ფაქტობრივად, პიროვნებამ სოციალიზაციის პროცესი მთლიანად ახლიდან უნდა დაიწყოს, გაითავისოს ახალი ქვეყნის წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში იქ ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ეს ეტაპი ფსიქოლოგიურად, ემოციურად, სოციალურად საკმოდ ძნელია და იწვევს პიროვნების გაღიზიანებას, თავისი სამშობლოსა და ახლობლების მონატრებას. ზოგჯერ ადამიანები ვერ ახერხებენ ამ გარდამავალი პერიოდის გადალახვას, რასაც განქორწინება და სამშობლოში დაბრუნება მოჰყვება ხოლმე.

გარდა ამისა, ადამიანების უმრავლესობა გარკვეული რელიგიური აღმსარებლობისაა. ზოგ შემთხვევაში შერეული, სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი პარტნიორები მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, ზოგ შემთხვევაში კი ერთ-ერთი მათგანი გადადის მომავალი მეუღლის სარწმუნოებაზე, რაც, ასევე, არ არის იოლად გადასაწყვეტი.

მიუხედავად პრობლემების არსებობისა, არაერთი ძალიან ბედნიერი შერეული ოჯახი არსებობს. მათ ოჯახში ორივე კულტურის ნორმებს სცემენ პატივს და იცავენ, მეუღლეები ანგარიშს უწევენ ერთმანეთს, აცნობიერებენ, რომ განსხვავება, რომელიც მათ შორის არსებობს, ბუნებრივია. მათი შვილები ორივე ენაზე საუბრობენ და ორივე ქვეყნის წეს-ჩვეულებებს იცნობენ.

სახელმწიფოები საკანონმდებლო დონეზე ცდილობენ შერეული ქორწინებების ხელშეწყობას. წყვილებისათვის არსებობს ისეთი უნიკალური შესაძლებლობა, როგორიცაა ორმაგი მოქალაქეობა. ეს მათ საშუალებას აძლევთ, თავიანთ სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ. სახელმწიფოები უნდა ცდილობდნენ შერეული ქორწინებებისათვის მხარდაჭერას, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნების ერთმანეთთან დასაახლოებლად.