გრამატიკა

IDevice Icon
ზედსართავი სახელის შინაარსობრივი ჯგუფები.

 

ზედსართავი სახელი საგნის (მოვლენის) ნიშან-თვისებას გამოხატავს. ამის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი შინაარსობრივი ჯგუფები:

ა) საგნის ზომა-მოცულობისა: დიდი, პატარა, ვრცელი, ფართო...

ბ) ოდენობისა: ცოტაოდენი, მრავალრიცხოვანი...

გ) წონისა: მძიმე, მსუბუქი, მჩატე...

დ) ფორმისა: მრგვალი, ბრტყელი, სწორი...

ე) შედგენილობისა: ფხვიერი, მშრალი, მკვრივი...

ვ) ფერისა: შავი, თეთრი, ყავისფერი...

ზ) გემოსი: მწარე, ტკბილი, მჟავე...

თ) ნივთიერი ხარისხისა: საღი, დაბეჟილი, დამპალი...

შინაარსობრივი ჯგუფები ასევე შეიძლება განისაზღვროს იმ რამდენიმე კითხვის მიხედვით, რომლებიც ზედსართავთა სხვადასხვაგვარ სემანტიკურ მიმართებებს ასახავს:

ა) რ ო გ ო რ ი ? _ დიდი, ნათელი, ტკბილი...

ბ) რ ო მ ე ლ ი ? _ მარჯვენა, შინაური, გარეული...

გ) ს ა დ ა უ რ ი ? _ ბათუმელი, ბერძნული, დასავლური...

დ) რ ო დ ი ნ დ ე ლ ი ? _ დღევანდელი, შარშანდელი, სამომავლო...

ვ ი თ ა რ ე ბ ი თ ი ა ზედსართავი, რომელიც საგნის ნიშან-თვისებას უშუალოდ გამოხატავს, ხოლო მ ი მ ა რ თ ე ბ ი თ ი _ რომელიც ამავე შინაარსს სხვა საგანთან მიმართებით იძლევა.

ზედსართავთა ერთი ნაწილი (რაოდენობრივად უფრო მცირე) პირველადი, ძირეული სიტყვებია: ცქვიტი, ფიცხი, კარგი, ცუდი, შავი, ლამაზი, თეთრი, მჟავე, ტკბილი...

ვითარებითი ზედსართავებისათვის დამახასიათებელია ხ ა რ ი ს ხ ი ს ფორმათა წარმოება.

ოდნაობით ხარისხს აწარმოებს მო- -ო თავსართ-ბოლოსართი: შავი - მო-შავ-ო, მწარე - მო-მწარ-ო...

უფროობით ხარისხს აწარმოებს უ- -ეს თავსართ-ბოლოსართი: შავი - უ-შავ-ეს-ი, მწარე - უ-მწარ-ეს-ი...

ხარისხის ფორმათა წარმოებისას ზოგიერთ ელ და ილ სუფიქსიან სახელს მოეკვეცება ეს სუფიქსები: გრძ-ელ-ი უ-გრძ-ეს-ი, მო-გრძ-ო.

ოდნაობითის ფორმებში ზოგჯერ -ელ სუფიქსი იცვლება -ალ დაბოლოებით: ყვითელი - მოყვითალო, წითელი - მოწითალო...

უფროობითი ხარისხის წარმოებისას ზედსართავი სახელის ფუძე იკუმშება: წითელი - უწითლესი, ყვითელი - უყვითლესი...

 
 

 

  • დაწერეთ კითხვითი წინადადებები შემდეგი სიტყვების გამოყენებით: როგორი? რომელი? სადაური? როდინდელი? შემდეგ უპასუხეთ ამ კითხვებს.

 


შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P136/1

შეასრულეთ წერითი სავარჯიშო P136/2