კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

სასამართლო არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც კანონის მიხედვით განიხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს.

ის, ვინც სასამართლოს სახელით იღებს გადაწყვეტილებას, არის მოსამართლე. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას განაჩენის გამოტანას ეძახიან.

განაჩენს კითხულობს მოსამართლე.

ბრალდებული არის ის ადამიანი, ვისი საქმეც განიხილება, ვისაც ბრალი ედება ამა თუ იმ დანაშაულში.

ბრალდებულს დამნაშავე უნდა დაუძახონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი დანაშაული დამტკიცდება სასამართლოს მიერ.

დაზარალებული კი ის ადამიანია ან ადამიანები, ვისი უფლებაც დაირღვა.

სასამართლო პროცესზე აუცილებლად უნდა იყოს პროკურორი, რომელიც ბრალს სდებს ბრალდებულს დანაშაულში და ადვოკატი, რომელიც იცავს ბრალდებულის ინტერესებს.

პროკურორის, ადვოკატისა და მოსამართლის გარეშე სასამართლო პროცესი არ შედგება. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბრალდებულს არ უნდა ადვოკატის აყვანა, უარს ამბობს მასზე და საკუთარ უფლებებს თვითონ იცავს.

სასამართლო პროცესებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. სასამართლო პროცესი ღიაა.

ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასამართლო პროცესი დახურულია. ეს იშვიათად ხდება. ამ დროს დასწრება აკრძალულია, არ შეიძლება სასამართლო დარბაზში შესვლა.

სასამართლო დარბაზში საჭიროა წესრიგის დაცვა. ხმაურის, უწესრიგობის დროს მოსამართლეს შეუძლია ნებისმიერ დამსწრეს სთხოვოს დარბაზის დატოვება, ზოგჯერ მოსამართლე საერთოდ წყვეტს სხდომას.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ან ადვოკატმა შეიძლება მოითხოვოს მოწმეების გამოძახება და დაკითხვა. მოწმე არის ის ადამიანი, რომელსაც რამე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა შეუძლია ამ საქმესთან დაკავშირებით.

არსებობენ ბრალდების მოწმეები და ბრალდებულის დაცვის მხარის მოწმეები.

სასამართლო პროცესზე ისინი ფიცს დებენ, რომ მხოლოდ სიმართლეს იტყვიან და ამის შემდეგ მოსამართლე, ადვოკატი და პროკურორი უსვამენ კითხვებს. ამას მოწმის დაკითხვას ეძახიან. მოწმის ნათქვამს კი _ მოწმის ჩვენება.

ხშირად მოწმის ჩვენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.

სასამართლო პროცესი შეიძლება მალე დამთავრდეს, მაგრამ შეიძლება დიდხანს გააგრძელდეს. ეს დამოკიდებულია საქმის სირთულეზე. ხშირად სასამართლო პროცესი თვეების მანძილზეც გაგრძელებულა.

როცა მოსამართლე კითხულობს განაჩენს, დარბაზი ფეხზე დგება. თუ ბრალდებული დამნაშავე აღმოჩნდება, მოსამართლე მას დამნაშავედ აცხადებს და კითხულობს განაჩენს.

თუ ბრალდებული მართალია, მოსამართლე მის უდანაშაულობას აცხადებს და ბრალდებულს დარბაზიდანვე ათავისუფლებენ.

სანამ ჩამოყალიბდებოდა თანამედროვე სასამართლო სისტემა, ძველ დროში ადამიანებს სადავო საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა საშუალება ჰქონდათ. არსებობდა სასამართლოები მეფის კარზე, უმაღლესი მოსამართლე იყო მეფე.

დღეს საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო (უზენაესი) სასამართლოები.

რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანმა თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღსადგენად მას უნდა მიმართოს.

საქართველოში სააპელაციო სასამართლო არის თბილისსა და ქუთაისში. აპელაცია გასაჩივრებას ნიშნავს. აპელაციას მიმართავენ, როდესაც მხარეს ან მხარეებს არ აკმაყოფილებთ რაიონული ან საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო (უზენაესი სასამართლო) ერთია და მდებარეობს ქ.თბილისში. ის მარლთმსაჯულების უმაღლესი ორგანოა.

ამათ გარდა არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელიც ამოწმებს შეესაბამება თუ არა მიღებული კანონები საქართველოს კონსტიტუციას, აგრეთვე იმას, თუ როგორ იცავენ თანამდებობის პირები კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს ქ. ბათუმში და შედგება 9 წევრისაგან.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

 

 

  • ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

 

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა არის სასამართლოს ფუნქცია?

_ვინ იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესზე?

_რის შემდეგ შეიძლება ეჭვმიტანილს (ბრალდებულს) დამნაშავე ეწოდოს?

_ვინ იცავს ბრალდებულის უფლებებს?

_რა არის პროკურორის ფუნქცია სასამართლო პროცესზე?

 

ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება

იუ-იორკის სასამართლომ ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი პირი დამნაშავედ ცნო. დამნაშავეს ბრალად ბიზნესინფორმაციის გამჟღავნება ედება. როგორც სასამართლომ დაადგინა, დამნაშავემ ეს ინფორმაცია მეგობარს გაანდო, მან კი იგი მოგებიანი ინვესტიციების დასაბანდებლად გამოიყენა.

ბრალდებულს ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული ადვოკატი იცავდა, თუმცა ბრალდების მხარემ მისი არგუმენტები არადამაჯერებლად მიიჩნია და დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა. დაცვის მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დანაშაული მხოლოდ გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული.

ღია სასამართლო პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. დაზარალებული კომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ გამოჩენილან.

ორდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ კალკუტაში დაბადებული რაჯატ გუფთა, რომელსაც კანონთან პრობლემები არასოდეს ჰქონია, ორ ბრალდების მიხედვით ცნო დამნაშავედ. სამოცდასამი წლის ბიზნესმენს, სავარაუდოდ, რამდენიმე ათწლეულის ციხეში გატარება მოუწევს. რაჯატ გუფთას დამცველები განაჩენის გასაპროტესტებლად ემზადებიან.

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

 

_რა დანაშაულში ედებოდა ბრალი ბრალდებულს?

_რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ადვოკატის პოზიცია?

_რას აპირებენ ბრალდებულის ადვოკატები?

 

  • დაწერეთ თემა: „რა არის სასამართლო“.