კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

გამარჯობა, ნიკა,

როგორ ხარ, რამდენი ხანია არაფერი მომიწერია. ძალიან მომენატრე. შენი წერილი ვნახე, იმ წერილში მთხოვდი მომეწერა, რამე თუ ვიცოდი ჩვენი საერთო მეგობრის, გიორგის შესახებ. ახლა უნივერსიტეტიდან დავბრუნდი და წერილს გწერ.

ჯერ ჩემ შესახებ გეტყვი. მე ახლა ლექციებს მალე დავამთავრებ და გამოცდები დამეწყება. უნივერსიტეტში უკვე ბევრი მეგობარი მყავს. ხშირად, როცა ძალიან მიჭირს და ჩემი ქალაქი მენატრება, ისინი მეხმარებიან.

მე უკვე ძალიან კარგად ვსაუბრობ ინგლისურ ენაზე. პირველად რომ ჩამოვედი,ძალიან შემეშინდა, მეგონა, კარგად ვიცოდი ენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მიჭირდა გაგება, ლაპარაკი, ძნელად ვაგებინებდი სხვებს. არადა, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეძლებ ცხოვრებას, თუ სახელმწიფო ენა არ იცი.

შენც კარგად იცი, რომ სახელმწიფო ენა არის ენა, რომელიც, ვალდებული ხარ იცოდე, თუ იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, ან დიდი ხნით ცხოვრობ იქ. სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას.

მერე მეც, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაცხოვრებელი, ნელ–ნელა მივეჩვიე და გავთამამდი. ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ დაწესებულებაში მივიდე, ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკო იმ თემაზე, რაც მას სურს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ბევრი მეგობარი სწავლობს. ისინი სხვადასხვა შტატში არიან, მაგრამ ერთმანეთთან შეხვედრას ზოგჯერ მაინც ვახერხებთ. მარიამს შენც იცნობ, ის არკანზასის შტატშია, გიორგის რაც შეეხება, ის ქალაქ ნიუ ორლეანში, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობს. უკვე მეორე წელია იქ არის და უკვე ფრანგულიც ისწავლა. იქ ფრანგულ ენაზე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს.

ნიუ ორლეანი ლუიზიანს შტატშია. გიორგიმ მიამბო ლუიზიანს შტატის ისტორია და ახლა შენც მოგიყვები მოკლედ.

ლუიზიანა მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, მექსიკისპირა დაბლობზე. სახელი ეწოდა საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის სახელის მიხედვით.

ამ შტატს თავისი ისტორია აქვს. 1803 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იყიდა ლუიზიანის მთელი რეგიონი, რომელიც მოიცავდა 11 თანამედროვე შტატის ტერიტორიას: არკანზასი, კოლორადო, ლუიზიანა, მინესოტა, მისური, მონტანა, ჩრდილოეთი დაკოტა, სამხრეთი დაკოტა, ნებრასკა, ოკლაჰომა, ვაიომინგი.

1812 წლიდან ის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ–ერთი შტატია.

როგორც გითხარი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ენა ინგლისურია და, ბუნებრივია, ეს ენა იქ ყველამ იცის. სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრება. სახელმწიფო ენის გვერდით, რომელიც აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, არსებობს ეროვნული უმცირესობების ენა, რომელსაც აქვს სახელმწიფო სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. ასეა ლუიზიანს შტატშიც, ინგლისურის გვერდით ამ რეგიონში ფრანგულსაც იგივე სტატუსი აქვს.

ალბათ გაგახსენდა საქართველოს სიტუაციაც. აქ სახელმწიფო ენა, შენც კარგად იცი, ქართულია, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე _ქართული და აფხაზური.

ასე რომ, გიორგი, მართალია, ინგლისურ ენაზე სწავლობს, მაგრამ ფრანგულიც უკვე არანაკლებ იცის, რადგან ის ისევე სჭირდება ნიუ ორლეანში, როგორც ინგლისური. გიორგი ამით ძალიან კმაყოფილია. ცხოვრობს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში და ხშირად მეხმიანება ხოლმე. მე რამდენადაც ვიცი, ორ თვეში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და ალბათ ნახავ კიდეც.

მე აუცილებლად მივწერ მას შენს მისამართს და თვითონ მოგწერს წერილს. ის უფრო მეტს მოგიყვება თავის შესახებ.

ახლა დაგემშვიდობები, მალე ისევ მოგწერ წერილს.

დროებით.

შენი ლუკა.

ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.
ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
გადაიყვანეთ ტექსტი მესამე პირში და დაწერეთ.

    უპასუხეთ კითხვებს:

    ამ ტექსტის მიხედვით, რა შემთხვევაში ვერ შეძლებ ქვეყანაში ცხოვრებას?
    რა არის აუცილებელი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისათვის?
    რომელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ენა?
    რით განსხვავდება ლუიზიანის შტატი ამერიკის დანარჩენი შტატებისაგან?

 
ქართული საქართველოს სახელმწიფო ენაა

 
სახელმწიფო ენა არის ძირითადი ენა, რომელსაც იყენებენ სახელმწიფო დაწესებულებებში, საქმის წარმოებაში, სამართალწარმოებაში და სხვა ოფიციალურ სტრუქტურებსა და ურთიერთობებში. სახელმწიფო ენის სტატუსს, როგორც წესი, განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია. საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური.

სახელმწიფო ენა ინტეგრაციულ ფუნქციას ასრულებს მოცემული სახელმწიფოს ფარგლებში, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში.

სახელმწიფო ენის ტატუსი განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში. თუ ქვეყანას არა აქვს კონსტიტუცია, მაშინ მისი სტატუსი განსაზღვრულია სახელმწიფოს კანონებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას.

არსებობს სახელმწიფო ენები, რომელიც აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეროვნული უმცირესობების ენები, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი - ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათრეთი რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და .. თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგ სახელმწიფოს აქვს ორი, სამი და მეტი სახელმწიფო ენა.

მაგალითად, 2 სახელმწიფო ენა კანადაში, ირლანდიაში, ბელარუსში, ავღანეთსა და ჰაიტიში.

3 სახელმწიფო ენა აქვთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ბელგია და პარაგვაი, ხოლო შვეიცარიასა და სინგაპურში 4 სახელმწიფო ენაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვედეთი და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთში, ქართულთან ერთად აფხაზურიც ითვლება სახელმწიფო ენად. ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას, სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას.

ახლა გთავაზობთ ლექსს, რომელიც დიდმა ქართველმა მწერალმა, მუხრან მაჭავარიანმა, თავის მშობლიურ ენას მიუძღვნა:

ქართული მარტო ენაა?

ქართული ქართველთ რწმენაა!

ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა,

მოდენაა!

 

  • უპასუხეთ კითხვებს:

_სად გამოიყენება სახელმწიფო ენა?

_რამდენი სახელმწიფო ენა აქვს ფინეთს?

_სად ცხოვრობენ ქართულად მოლაპარაკე ადამიანები?

_ვინ არის პასუხისმგებელი სახელმწიფო ენის განვითარებაზე?