დაგვიკავშირდით

          

          პ. ინგოროყვას ქ. №8
          თბილისი 380108.
          ტელ: +99532 293-29-21
          ფოსტა: contact.icege@gmail.com 

ენათმეცნიერების ინსტიტუტი

 

არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი დაარსდა 1936 წელს შექმნილი აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ბაზაზე 1941 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, «ენიმკის» გაყოფის შემდეგ. თავდაპირველად ეს იყო აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი, 1950 წლიდან ეწოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 1987 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, 2006 წლიდან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
სხვადასხვა დროს ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: ს.ჯანაშია (1941-43); ვ. თოფურია (1943-49); გ. ახვლედიანი (1949-50); არნ. ჩიქობავა (1950-52); ივ. გიგინეიშვილი (1952-53); ქ. ლომთათიძე (1953-63, 1975-87), ვ. ფანჩვიძე (1963-75); ბ. ჯორბენაძე (1987-93); გ. კვარაცხელია (1993-2006).
2006 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლალი ეზუგბაია.
ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა ქართული ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტორიული თვალსაზრისით; სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური(/ლაზური), სვანური) და მთის იბერიულ-კავკასიური (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატიკული სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები.
ენათმეცნიერების ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, სადაც შეისწავლება იბერიულ-კავკასიური (პალეოკავკასიური) ოჯახის 30-ზე მეტი ენა, რომელთაგან დამწერლობის მქონეა 15. კვლევის შედეგები ქვეყნდება როგორც მონოგრაფიების სახით, აგრეთვე სამეცნიერო კრებულებში. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო ორგანოა «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება» (დაარსდა 1946 წ.) და «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული» (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანო - დაარსდა 1946 წ.). ინსტიტუტის კრებულები: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», «ქართველოლოგიური კრებული», «ქართული სიტყვის კულტურის საკითხები», აგრეთვე შრომათა კრებულები ზოგად ენათმეცნიერებასა და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ეტიმოლოგიურ კვლევებსა (გამოცემულია 6 კრებული) და დიალექტოლოგიაში (3 კრებული).
ენათმეცნიერების ინსტიტუტში შეიქმნა ფუნდამენტური გამოკვლევები, რომლებმაც არსებითად განსაზღვრა ენათმეცნიერული აზრის განვითარება საქართველოში.
ა) დამუშავებულია იბერიულ-კავკასიურ ენათა ფონეტიკისა და ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის საკითხები. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიებისა და ცალკეული სტატიების სახით.
ბ) გამოცემულია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული (რომლის საფუძველზე შეიქმნა და 1985 წელს გამოქვეყნდა ერთტომეული), თარგმნითი, დიალექტური, დარგობრივი და ტერმინოლოგიური ლექსიკონები.
გ) მონოგრაფიულადაა შესწავლილი ქართველური ენები და მათი დიალექტები, გამოცემულია დიალექტური ტექსტები.
დ) მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიეძღვნა ენათა ტიპოლოგიურ შესწავლას.
ე) სისტემებრ მუშავდებოდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომლებსაც ამტკიცებდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია. სალიტერატურო ენის ნორმათა მეცნიერული დასაბუთებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები ქვეყნდება პერიოდულ კრებულში «ქართული სიტყვის კულტურის საკითხები».
ვ) დამუშავებულია თეორიული ენათმეცნიერების ფუნდამენტური პრობლემები, ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის პრინციპები, ენათმეცნიერული კვლევის მეთოდები, ენის, ფილოსოფიის, ფსიქოლინგვისტიკისა და სოციოლინგვისტიკის აქტუალური საკითხები.
ზ) მიმდინარეობს იბერიულ-კავკასიური ენების ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის კომპიუტერული დამუშავება.
ინსტიტუტის მიერ შექმნილმა უმნიშვნელოვანესმა გამოკვლევებმა, მის მიერ ჩატარებულმა მრავალფეროვანმა სამუშაომ ქართულ საენათმეცნიერო სკოლას დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვა. ინსტიტუტმა სამართლიანად დაიმკვიდრა მსოფლიოში ქართველური და მთის კავკასიური ენების შესწავლის სამეცნიერო ცენტრის სახელი. ქართული საენათმეცნიერო სკოლის შედეგებსა და პრინციპებს იზიარებენ და ემყარებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე კავკასიოლოგებიც, რამაც განაპირობა ქართველ ენათმეცნიერთა მიწვევა და აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე.
ინსტიტუტის თაოსნობით 1965 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კავკასიის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრში ტარდებოდა რეგიონალური სამეცნიერო სესიები, რომლებიც ეძღვნებოდა იბერიულ-კავკასიურ ენათა სისტემისა და ისტორიის საკითხებს. დღემდე ჩატარებულია 13 ასეთი სესია.
1991 წელს მოეწყო კავკასიოლოგთა I საერთაშორისო სიმპოზიუმი; 1998 წელს იუნესკოს ეგიდით გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც მიეძღვნა აკად. არნ. ჩიქობავას 100 წლის იუბილეს. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 150-მდე მეცნიერმა; 2008 წელს გაიმართა არნ. ჩიქობავას 110 წლისთავისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი.
ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს 2 საინსტიტუტო სამეცნიერო სესიას, რესპუბლიკურ დიალექტოლოგიურ სესიას და კონფერენციას «ქართული ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები» (წაკითხული მოხსენებები იბეჭდება მასალების სახით).
ენათმეცნიერების ინსტიტუტს მუდმივი სამეცნიერო კონტაქტები აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან. ქართველ მეცნიერებს იწვევენ მსოფლიო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე. უკანასკნელ ხანს 20-ზე მეტი თანამშრომელი მოწვევით იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, შვედეთში, ისრაელში, ირანში, თურქეთში, ჰოლანდიაში, რუსეთში და სხვ. ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომლები მივლინებით იყვნენ შრი-ლანკაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა რამდენიმე პროგრამა განახორციელა ლუნდის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და ფონეტიკის დეპარტამენტთან ერთად, აგრეთვე ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
ინსტიტუტისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს ქართველურ ენათა დიალექტური და დარგობრივი ლექსიკონების სრული კორპუსის შექმნა. ამ მიზნით ინსტიტუტი ახორციელებს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის ლექსიკოლოგიური განაკვეთის პირველ ეტაპს. ამ პროგრამით უკვე გამოცემულია «ხევსურული ლექსიკონი» (2005), «თუშური ლექსიკონი» (2003), გურული ლექსიკონი, ქართლური ლექსიკონი, «ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის» ახალი რედაქციის პირველი ტომი (2007-2008) და მზადდება დიდი ქართულ-რუსული ლექსიკონი.
ინსტიტუტში შედგენილია «ქართლური ლექსიკონი», «ხევსურული ლექსიკონი», ინგილოური ლექსიკონი», «ჭანური ლექსიკონი», «ფშაური ლექსიკონი», «გურული ლექსიკონი». განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია «სვანური ლექსიკონი».
1956-59 წლებში გამოვიდა სამტომიანი რუსულ-ქართული ლექსიკონი, 1988 წელს კი ამ ლექსიკონის ერთტომეული.
გამოიცა «ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონი» (1988), «ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი» (19890), «ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი» (1991), გამოსაცემად მომზადდა «ქართული ენის სახელურ ფუძეთა ლექსიკონი»,.
ბოლო დროს გამოიცა «ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი», «ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი», «ქართული სიტყვის კულტურის საკითხების» რამდენიმე ტომი.
ინსტიტუტის მონაწილეობით და ხელმძღვანელობით გამოსაცემად მომზადდა ენციკლოპედია «ქართული ენა». ეს არის ქართული ენის შესახებ უმნიშვნელოვანესი განმაზოგადებელი ნაშრომი, რომელიც წარმოაჩენს ქართული ენის სტრუქტურის, ქართული ლინგვისტური აზრის განვითარების ძირითად ეტაპებს, წარმოგვიდგენს კულტურისა და მეცნიერების იმ ცენტრებს, რომლებმაც არსებითი წვლილი შეიტანეს ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
ინსტიტუტი სისტემატურად მუშაობს ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის ნორმალიზაციისა და უნიფიკაციის საკითხებზე. მეცნიერების სწრაფი განვითარების ეპოქაში სემანტიკურად ზუსტი და ცალსახა, ფორმობრივად მოქნილი და ენის შინაგან ბუნებას შეგუებული ტერმინის მიგნება და დანერგვა ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ მხრივ ინსტიტუტს დიდი გამოცდილება და ტრადიცია აქვს, რაც ხელსაყრელ პირობას უქმნის ტერმინოლოგიური მუშაობის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებამ ყველა ოფიციალურ სფეროში მოითხოვა შესაბამისი ტერმინოლოგიებისა და სტანდარტების შექმნის აუცილებლობა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემულია ორი კრებსითი ლექსიკონი (სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია - 1959 წ. და ტექნიკური ტერმინოლოგიები 1957 წ. და 1977 წ.). გამოცემულია ვაჭრობის, ეკონომიკის, საქონელმცოდნეობის, ზოოლოგიის, სილიკატების, ქიმიისა და ტექნოლოგიის, პოლიგრაფიის, ნავთობის მრეწველობისა და შუქ-ტექნიკის, სამშენებლო, ნიადაგმცოდნეობის ტექნიკის ტერმინოლოგიური ლექსიკონები. ბოლო ხანს რედაქტირება გაუკეთდა მრავალი დარგის ტერმინოლოგიას, მათ შორის მეტალურგიის, ენერგეტიკის, სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და პროდუქციის ხარისხის ტერმინებსა და განმარტებებს, სახელმწიფო მმართველობის ინგლისურ-ქართულ ლექსიკონს, ფსიქიატრიულ ენციკლოპედიას და სხვ.
ლექსიკოლოგიურ-ლექსიკოგრაფიული სამუშაობის კომპიუტერული უზრუნველყოფის მიზნით ინსტიტუტში ივსება სალექსიკონო მარაგის მონაცემთა ფონდი, შექმნილია რთული პროგრამული სისტემები - «ლინგვისტური პროცესორები» ტექსტის ავტომატური ფონოლოგიური, მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზისათვის. აქტუალიზებულია ქართული ენის იდეოგრაფიული თეზაურუსის, სვანური და ლაზური ლექსიკონების ელექტრონული პროტოტიპბი. ინსტიტუტი ფლობს, აგრეთვე, აფხაზურ-ადიღური, უდიური, ჩეჩნური, ინგუშური ენების ლექსიკურ მონაცემთა ბაზებს.
ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა ორი საბჭო: ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ფილოლოგიის მეცნიერებათა დარგის სადისერტაციო საბჭო, რომელიც სამეცნიერო ხარისხებს ანიჭებდა 4 სპეციალობით: ქართული ენა, ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება და ენათმეცნიერების თეორია და ისტორია. ამავე სპეციალობებში ენათმეცნიერების ინსტიტუტი ამზადებს სამეცნიერო კადრებს არა მარტო ინსტიტუტის, არამედ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა სამეცნიერო დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის.