წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

საათი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ნივთია. გარდა ამისა, საათი ადამიანის იმიჯზეც მეტყველებს. უკვე ასეული წლებია, საათი შეუცვლელი აქსესუარია. მისი ფორმა და დიზაინი ასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა.

უძველესი დროიდანვე ადამიანები დროის გასაზომად სხვადასხვაგვარ მექანიზმს იგონებდნენ და იყენებდნენ.

პირველი საათი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა, მზის იყო. მას მარტივი კონსტრუქცია ჰქონდა - მიწაში ჩარჭობილი ჯოხითა და მის გარშემო დახატული დროის ასათვლელი ციფერბლატით. მაგრამ მზის საათის ნაკლი ის იყო, რომ ავდარსა და დახურულ სივრცეში სრულიად გამოუსადეგარი ხდებოდა. ამის გამო ადამიანებმა ოთხი ათასი წლის წინ წყლის საათი ანუ კლეპსიდრი გამოიგონეს. პირველი მაღვიძარაც სწორედ წყლის საათს უკავშირდება და მის გამომგონებლად პლატონი ითვლება.

უსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს პირველი მექანიკური საათი, თუმცა ევროპაში პირველი მექანიკური საათი მონასტრის კოშკურებზე XI საუკუნეში გამოჩნდა, მხოლოდ ერთი ისრით და და მასიური გირებით, რომლებიც ზარს რეკდნენ.

ცნობილია, რომ პირველი საათები, რომელთა გადატანაც შესაძლებელი იყო, 1500 წელს გაჩნდა, რაც მესაათეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ საათების მასობრივ წარმოებას შეუწყო ხელი.

ფართო მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი მაჯის საათები თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ძვირფასი ქვებით მორთულმა მაჯის საათებმა დროის განმსაზღვრელი აპარატის დანიშნულება თითქმის დაკარგა და სამკაულად გადაიქცა. არც ერთი თავმოყვარე მამაკაცი საათს ხელზე არ იკეთებდა, ისინი ჯაჭვზე დაბმულ საათს ჟილეტის ჯიბეში ინახავდნენ, ანუ გაჩნდა ჯიბის საათი - ამ ეპოქაში მამაკაცის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი.