წაიკითხეთ ტექსტი-2

IDevice Icon

მდგომარეობა შეიცვალა XI ს-ის 90-იან წლებში, როდესაც სელჩუკთა სახელმწიფოში ანარქიამ დაისადგურა, ხოლო დასავლეთიდან მას ევროპელმა ჯვაროსნებმა შეუტიეს. შექმნილი ვითარება კარგად გამოიყენა საქართველოს ახალმა მეფემ, დავით IV-მ (1089-1125 წწ.). მან დაიწყო ბრძოლა დამპყრობლების საქართველოდან განსადევნად. დავითი ენერგიული პიროვნება იყო, ნიჭიერი სარდალი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე. მის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. ქართველებმა დავით მეფის ხელმძღვანელობით არაერთგზის დაამარცხეს სელჩუკთა ჯარები და 1122 წ. იერიშით აიღეს თბილისი, რომელიც საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა.

ქართული მიწების განთავისუფლების შემდეგ, 1123-1124 წწ., დავით IV-მ სელჩუკები მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც გარეკა, ხოლო ეს მიწები თავის სამეფოს შემოუერთა. ამრიგად, დავითის მეფობის ბოლო წლებში მისი სამფლობელოები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული.

დავით IV დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ქალაქების, გზების, ხიდების მშენებლობას, რამაც საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას შეუწყო ხელი. თავისი დროისათვის მეტად განათლებული, წიგნების მოყვარული მეფე ზრუნავდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების განვითარებაზეც. მაგალითად, მისი მითითებით დასავლეთ საქართველოში, გელათის მონასტერთან, შეიქმნა აკადემია, რომლებშიც ისწავლებოდა ფილოსოფია, ასტრონომია, მათემატიკა, რიტორიკა, მუსიკა და სხვ. მეორე აკადემია დაარსებული იქნა იყალთოში (აღმოსავლეთ საქართველო). ასეთი მრავალმხრივი აღმშენებლობითი მოღვაწეობისათვის დავით IV-ს ქართველმა ხალხმა „აღმაშენებელი“ უწოდა.

დავით აღმაშენებლის დროიდან იწყება ფეოდალური საქართველოს ე.წ. „ოქროს ხანა“, - პოლიტიკური ძლიერების, ეკონომიკისა და კულტურის აყვავების ყველაზე გამორჩეული პერიოდი. გიორგი III-ისა (1156-1184 წწ.) და თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ეპოქაში საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. საგარეო ომები მეტწილად ქართული ჯარის გამარჯვებით მთავრდებოდა. თავისი მასშტაბურობით და პოლიტიკური შედეგებით ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შამქორის (1195 წ.) და ბასიანის (1203 წ.) ბრძოლები, სადაც ქართველებმა დაამარცხეს ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და მცირე აზიის გამგებელთა ძალები.