წაიკითხეთ ტექსტი-4

IDevice Icon

 

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰექტარ ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ, აგრეთვე, ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.

ვაჭრობა-ხელოსნობის ძირითად ცენტრებს ქალაქები წარმოადგენდა. თბილისში XIII ს-ის დამდეგს 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი და სხვ. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭლის წარმოება. თამარის დროს უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება. საქართველო ვაჭრობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან. იმდროინდელ საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან - არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში იმპორტის სახით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილი, ქაღალდი და სხვა ნივთები.
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა
ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთი მონეტა აღმოუჩენიათ.

XI-XIII ს-ის დასაწყისში ფეოდალურმა ქართულმა კულტურამ თავისი აყვავების უმაღლეს წერტილს მიაღწია. განვითარდა ფილოსოფიური აზროვნება, ისტორიოგრაფია, ფილოლოგია, საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ხელოვნება. XII ს-ის დასასრულს განეკუთვნება დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, „ვეფხისტყაოსანი“.

XII საუკუნეშია შექმნილი, აგრეთვე, ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული „ქართლის ცხოვრება“, რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს როგორც საქართველოს, ისე კავკასიის სხვა ქვეყნების შესახებ.

ოქროს ხანაშია შექმნილი ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები (XI ს.), გელათის მონასტერი, მეფის სასახლე გეგუთში, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესია-მონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.