წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon

სტუმართმოყვარეობა კავკასიელი ხალხების დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრადიციაა. აქ სტუმარი ღვთის საჩუქრად მიაჩნიათ და ცდილობენ, მაქსიმალურად ასიამოვნონ ის. მასპინძლები ყველაფერს აკეთებენ, რომ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი ოჯახი, სოფელი თუ ქვეყანა.

კავკასიურ საზოგადოებებში სტუმართმოყვარეობის წესი უმნიშვნელოვანესი ტრადიცია იყო, სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება წმინდა კანონად ითვლებოდა. კავკასიელების სახლი ყოველთვის ღია იყო სტუმრისათვის. საჭიროების შემთხვევაში მასპინძელი ვალდებული იყო, საკუთარი სისხლის ფასად დაეცვა სტუმრის სიცოცხლე.

თითოეულ ხალხს აქვს სტუმარმასპინძლობის საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ტრადიცია. აზერბაიჯანელებისათვის სტუმრის მიღება და გამასპინძლება საპატიო მოვალეობაა. ისტორიული და ლიტერატურული წყაროებიდან ცნობილია, რომ აზერბაიჯანული სტუმართმოყვარეობა ცნობილი იყო მთელ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში. ცნობილია, რომ ვაჭრებისა და მოგზაურების პატივსაცემად მმართველთა სასახლეებში გამართულ ლხინში სუფრასთან 300 სახეობის კერძი მიჰქონდათ და შარბათსა და სხვა ტკბილეულსაც სთავაზობდნენ.

არსებობს სომხური სიტყვა „თასიბი“, რაც პატივს, დიდსულოვნებას ნიშნავს და სომხურ კულტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც უფრო დიდი „თასიბი“ აქვს ადამიანს, მით მეტ სტუმარს მასპინძლობს. სომხებისათვისაც სტუმრის გამასპინძლება დიდი პატივია. ისინი არაფერს იშურებენ, რომ სტუმარმა თავი კარგად იგრძნოს.

საქართველოში ჩამოსულ არც ერთ ადამიანს არ ავიწყდება ის განსაკუთრებული სითბო და სიყვარული, რომელსაც ქართველები სტუმრის მიმართ იჩენენ. ძველად სოფლად რომელიმე ოჯახში ჩასული სტუმარი მთელი სოფლის სტუმარი იყო, ყველა, როგორც შეეძლო, ისე მონაწილეობდა მის გამასპინძლებაში.

მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად უამრავი ტრადიცია იცვლება ან სახეს იცვლის, სტუმარმასპინძლობის ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა და ყველა კავკასიელმა ხალხმა უცვლელად შემოინახა.