წაიკითხეთ ტექსტი - 3

IDevice Icon

მეუღლეთა შორის საოჯახო ურთიერთობების გაგრძელება და შემდგომში განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ მატერიალურ ბაზაზე, რომელიც საფუძვლად ედება ოჯახის შექმნას. მეუღლეებს თავიანთ მატერიალურ და კულტურულ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად სჭირდებათ განსაზღვრული ქონება. თითქმის ყველა კავკასიელი ხალხისათვის დამახასიათებელი ქალის გამზითვების ტრადიცია, ანუ ახალგათხოვილ ქალს მეუღლის ოჯახში მიაქვს თავისი წილი ქონება მამის ოჯახიდან. ხელმოკლე ოჯახები უფრო მოკრძალებულ მზითევს ანუ მზითვს უმზადებდნენ ქალიშვილებს, რაც, ძირითადად, პირველადი მოხმარების საგნები და ახალი ოჯახისათვის აუცილებელი ნივთები იყო. რაც შეეხება მდიდარ ოჯახებს, ისინი ქალიშვილებისათვის ფუფუნების საგნებს ყიდულობდნენ: ძვირფასი ქვებით მოჭედილ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, უძვირფასეს ავეჯსა და ხალიჩებს, ფაიფურის ჭურჭელს.

მზითვის მომზადებაში საპატარძლოს ოჯახს ახლო ნათესაობა ეხმარებოდა. ახლობლებს საჩუქრების სახით მოჰქონდათ ყველა ის ნივთი, რომლებიც მზითვისთვის იყო განკუთვნილი. დგებოდა საგანგებო „მზითვის წიგნი“. ქორწილის დღეს, ლხინის დასასრულს, აუცილებელი იყო „მზითვის წიგნის“ ხმამაღლა წაკითხვა. ხალხის წინაშე გამოიტანდნენ მზითვს, რომელსაც მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე საგანგებოდ არჩეული მამაკაცი ფეხზე მდგარი კითხულობდა.

თანამედროვეობაში ბევრი რამ შეიცვალა ამ მხრივაც. „მზითვის“ რაოდენობას აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა. უფრო სწორად, გააჩნია ასაკს. ახალგაზრდებისთვის ეს სულაც არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს, თუმცა ტრადიცია კვლავ განაგრძობს არსებობს, მშობლების თაობას კვლავ მნიშვნელოვნად მიაჩნია ქალიშვილის გამზითვება. თუმცა აღარც მზითვის წიგნს ადგენენ და აღარც ქორწილებში აცხადებენ ხმამაღლა.