წაიკითხეთ ტექსტი - 4

IDevice Icon

ტრადიციულად, ბავშვის დაბადება კავკასიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მთელი ოჯახის, საგვარეულოს, სოფლის საერთო სიხარულია. ორსულ ქალს მთელი ოჯახი საგანგებოდ უფრთხილდება, მის მიმართ ყურადღება გაორმაგებულია, ცდილობენ, კარგი განწყობა შეუქმნან, ასიამოვნონ. ამ დროს ქალს ყველა განსაკუთრებულ პატივს სცემს. დედობა, კავკასიური ტრადიციების მიხედვით, ქალის უმთავრესი და ყველაზე საპატიო მოვალეობაა.

განსაკუთრებული აღფრთოვანებით ჩვენს ქვეყნებში ბიჭის დაბადებას ხვდებიან, რადგან ვაჟი გვარის გამგრძელებელია, ოჯახისაა, ქალი კი „სხვისია“, ანუ გათხოვების შემდეგ ოჯახს ტოვებს და სხვა ოჯახში გადადის საცხოვრებლად. ბავშვის დაბადებას კავკასიელი ხალხი იარაღის სროლით ამცნობდა ქვეყანას.

დედა და ახალშობილი პირველ ორმოც დღეს ქალის ოჯახში ატარებენ, ბებია, დედის დედა, ზრუნავს ქალიშვილზეც და შვილიშვილზეც. ძველად ორმოცი დღის განმავლობაში ახალშობილს მხოლოდ ახლო ნათესავებსა და ძალიან ახლობლებს ანახვებდნენ, რომ ავი თვალისაგან დაეცვათ. ძველთაგანვე გავრცელებული იყო და დღესაც შემორჩენილია ახალშობილისათვის საჩუქრების ჩუქების ტრადიცია.