წაიკითხეთ ტექსტი - 2

IDevice Icon

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო კასპიის ზღვის სანაპიროზე, აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. ბაქო პირველად V საუკუნის ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული.

ბაქო ძალიან ლამაზი და თვისთავადი ქალაქია. როგორც ყველა ზღვისპირა ქალაქში, აქაც განსაკუთრებული სული ტრიალებს. პირველივე ვიზიტისას აღმოაჩენთ, რომ ეს ქალაქი ევროპის პატარა ნაწილია აღმოსავლეთში.

ბაქო 3 ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი, კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული დასახლება. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქის ძველი ნაწილია, სადაც მთავარი ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი.

საქვეყნოდ ცნობილი ქალწულის კოშკი ბაქოს სავიზიტო ბარათია. ქალაქის ძველ უბანში მდებარე კოშკი მეთორმეტე საუკუნის ძეგლია. ძეგლის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა არაერთ ლეგენდას ყვება. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მდიდარი შაჰის ქალიშვილს ღარიბი ბიჭი შეჰყვარებია. ამის გამო კი მამას კოშკში ჩაუკეტავს, საიდანაც შეყვარებული გოგონა გადმომხტარა და თავი მოუკლავს.

ბულვარი ბაქოს ნამდვილი მშვენებაა. ქალაქის საკმაოდ დიდი საზღვაო ზოლის გასწვრივ ულამაზესი ბულვარია გაშენებული. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ულამაზესი ყვავილები და ნარგავები, მყუდრო რესტორნები და კაფეები უგემრიელესი კერძებით. ბულვარი თავშეყრის საყვარელი ადგილია სტუმრებისა და ადგილობრივებისათვის.

ძველი ბაქო მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩებითა და ბანიანი სახლებით დაგამახსოვრდებათ. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით გასაყიდად გამზადებულ ხელით ნაქსოვ აღმოსავლურ ხალიჩებს, მეტალის ნივთებსა და სუვენირებს.

ბაქოს მრავალ ღირსშესანიშნაობათაგან შუა საუკუნეებში აშენებული შირვან-შაჰის სასახლის კომპლექსი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. 2000 წლიდან კომპლექსი, ძველი ქალაქის გალავანსა და ქალწულის კოშკთან ერთად, იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ჩამონათვალში შედის.

. ადამიანები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ამ ქალაქს, ამბობენ, რომ ბაქო ძალიან სწრაფად იცვლება და შენდება, ცათამბჯენები აქ უკვე იშვიათობას აღარ წარმოადგენს. რასაკვირველია, თვითონ ბაქოელებსაც და ქალაქის სტუმრებსაც განსხვავებული აზრები აქვთ ამ ცათამბჯენებთან დაკავშირებით. ზოგი ადამიანი აღფრთოვანებას ვერ მალავს მათ გამო, ზოგს კი მიაჩნია, რომ ამგვარი ნაგებობები შეიძლება შესაფერისი იყოს დუბაისა ან ტოკიოსათვის, მაგრამ ბაქოს თავის ნამდვილ სახეს უკარგავს.

თუ ერთხელ მაინც მოხვდით აზერბაიჯანის ევროპულ დედაქალაქში, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი, ბაქო მეორედაც ნახოთ.