წაიკითხეთ ტექსტი - 4

IDevice Icon

თბილისი დაარსდა მე-5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ, ხოლო დედაქალაქად ჩვ. წ. აღრიცხვით მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. თბილისი საქართველოს და კავკასიის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. თბილისში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა დედაქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, არის ძველი ქალაქი და ახალი უბნები, რომლებიც საბჭოთა არქიტექტურით გაშენებულ ტიპურ დასახლებებს წარმოადგენს. თუმცა, რასაკვირველია, სანახაობრივად ძველი ქალაქი გაცილებით მიმზიდველია.

თბილისის საინტერესო ადგილებია:

ძველი თბილისი, ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, დაახლოებით მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რომლებსაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი შედგება შემდეგი უბნებისაგან: აბანოთუბანი-ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან-ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი. ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და, შესაბამისად, მთავარი ტურისტული ცენტრია. ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.

ანჩისხატის ეკლესია დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა თბილისში. აშენებულია მე–5 და მე–6 საუკუნეებში და ძველ თბილისში მდებარეობს. ის დღემდე მოქმედი ეკლესიაა.

სიონის საკათედრო ტაძარი - თავდაპირველი ნაგებობა მე–6 და მე–7 საუკუნეებს მიეკუთვნება. ამ დროიდან იგი რამდენჯერმე დაანგრიეს უცხოელმა დამპყრობლებმა. ახლანდელი ეკლესია განახლებულია მე–13 საუკუნეში, ხოლო მოგვიანებით, მე–17 და მე–19 საუკუნეებში.

ანჩისხატი და სიონი, გარდა იმისა, რომ თავისთავად წარმოადგენენ მნიშვნელოვან ტურისტულ სანახაობებს, გარშემოტყმული არიან ულამაზესი ძველი თბილისური სახლებით, რომლებშიც განთავსებულია თეატრები, სამხატვრო გალერეები, მუზეუმები, კაფეები და კლუბები. ეს ადგილი თბილისელებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია.

ნარიყალას ციხე–სიმაგრე არსებობს მე–4 საუკუნის შუა წლებიდან. სხვადასხვა დროს ოკუპირებული იყო ირანელების, ჩრდილოეთ კავკასიელების, ბიზანტიელების და არაბი დამპყრობლების მიერ. აქვე მდებარეობდა მეფის რეზიდენციაც.

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მშვენებადაა მიჩნეული, მე–5 საუკუნის ძეგლია. მეტეხი მდინარე მტკვრის სანაპიროს თავზე, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და მისი ეზოდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. აქვე დგას ქალაქის დამაარსებლის, ვახტან გორგასლის, ძეგლი. განსაკუთრებული მდებარეობისა და სილამაზის გამო ეს ადგილი ხშირად ხვდება ღია ბარათებსა და თბილისის შესახებ ალბომებში.

თბილისის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განძი ინახება. აქ ინახება დმანისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელიც 1.8 მილიონი წლისაა. აქვე შეხვდებით როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ მატერიალური კულტურის ძეგლებს.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ანუ მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია. აქ წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის სახლები და კოშკები და, რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ორიგინალია.

სათქმელი კიდევ ბევრია, რადგან სამივე დედაქალაქს მრავალი ღირსშესანიშნაობა ამშვენებს, თუმცა, იმედი გვაქვს, აქ წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ამ სამი ისტორიული და ძალიან საინტერესო ქალაქის შესახებ.