სიახლეები

2016 წელი საქართველოსთვის, უპირველესად, აღსანიშნავია იმით, რომ იუნესკოს ეგიდით აღინიშნება გენიალური პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სპექტრში საგანგებო მნიშვნელობისაა ,,ვეფხისტყაოსნისხელნაწერი წიგნის შექმნა (პროექტის ფარგლებში: ,,სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა”), რომელიც ჭეშმარიტად ყველაზე სახალხო პროექტია: მთელი საქართველო სიამაყითა და თაყვანისცემით გადაწერს თავის უპირველეს საუნჯეს – ,,ვეფხისტყაოსანს”. ეს ხელნაწერი წიგნი ამ გენიალური ქმნილების ერთგვარი ხატია, რომლის ხატმწერებიც ჩვენ ვართ, საქართველოს შვილები, ყველა ერთად.

ამ ულამაზეს და საპატიო ღონისძიებაში მრავალთა გვერდით თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლებიც ვმონაწილეობთ. ჩვენი ინსტიტუტი ამ ღონისძიების ერთი მასპინძელთაგანია, თუნდაც გამორჩეული იმით, რომ ჩვენთან დიდი ანა კალანდაძის სამუშაო მაგიდაზე იწერება ,,ვეფხისტყაოსნისუკვდავი სტრიქონები. ის მოწიწება, კდემა, რუდუნება, თაყვანისცემა და რაღაც ზღაპრული, უკიდეგანო სიყვარული, რასაც ადამიანები ამ ხელნაწერზე მუშაობისას ამჟღავნებენ, ყველაზე გულწრფელად ამბობს: ,,ვეფხისტყაოსანი” ჩვენი სისხლი სისხლთაგანია, ჩვენი მშვენიერებისა და სიდიადის მარადიული მოწმე, ჩვენი ბედნიერების ფუძე. ,,ვეფხისტყაოსანი” ჩვენი ეროვნული სიამაყეა, ჩვენი ზოგადსაკაცობრიო საჩუქარი. და მაინც, რატომ უყვარს ის ქართველს გამორჩევით? იმიტომ, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” ქართველის უღალატო სიყვარული და სიხარულია!

დიდი მადლობა პროექტის შემოქმედებით საზოგადოებას და უკლებლივ ყველა მონაწილეს!

Updated: 18.07.2016 — 18:00