სიახლეები

არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ ოთხმოცდაორი წლის ასაკში გარდაიცვალა შუქია აფრიდონიძე   –ქართველი ფილოლოგი, ლინგვისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003 წ.), პროფესორი (2004 წ.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ღირსების ორდენოსანი (2018 წ.).

1963 წელს შუქია აფრიდონიძემ  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1965-1969 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი. 1972 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში – X1X-XX სს-ის პროზაული მასალის მიხედვით)“, 2003 წელს – სადოქტორო დისერტაცია  („მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში“).

1969-1976 წლებში ქალბატონი შუქია მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი ქართული ენის კათედრასა და მასთან არსებულ  ტოპონიმიკის ლაბორატორიაში; 1982-2006 წლებში გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის   არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე, 1978-1982 წლებში კი – ამავე  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1976-2006 წლებში შუქია აფრიდონიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია, 2004 წლიდან – პროფესორი და 2006 წლიდან – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. იგი წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას, გახლავთ ავტორი, თანაავტორი, შემდგენელი და რედაქტორი – არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის, მოხსენებისა და  ლექსიკონისა, მაგალითად:

საქართველოს ტოპონიმია, ქვემო იმერეთი, ლექსიკონი – ინვერსიული ლექსიკონითა და რუკებით (შემდგენელი). თბილისი, თსუ, 2003.  678გვ.

ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი (თანარედაქტორი). თბილისი, ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი, 2002., 270გვ.

ჩვენი ენა ქართული (ავტორი). თბილისი, არჩილ სულაკაურის გამომცემლობა, 2002.,  168გვ.. – ISBN: 99928-52-78-X

ტესტები ქართულ ენაში, მასწავლებელთა ატესტაციისათვის (შემდგენელი). თბილისი, 1997., 39გვ.

საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორი). თბილისი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მთავარი სამეცნიერო  რედაქცია, 1987., 250გვ.

სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში, ენათმეცნიერება (ავტორი). თბილისი, მეცნიერება, 1986., 150გვ., და სხვ.

ქალბატონი შუქია არ წყვეტდა კავშირს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტთან. იგი უაღრესი გულისხმიერებითა და სიხარულით ეგებებოდა ინსტიტუტში ჩენილ წარმატებებსა თუ სიახლეებს, და თავადაც იღებდა გულმხურვალე მონაწილეობას საინსტიტუტო ღონისძიებებსა და სამეცნიერო ფორუმებში.

ნათელში იყოს ღვაწლმოსილი მეცნიერისა და ქართული სიტყვის ერთგული მსახურის –შუქიას  სული!

შუქია აფრიდონიძის პანაშვიდი: 29-30 მაისი (კვირა, ორშაბათი),

მისამართი: თბილისი, ბაგები, თსუ პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსები,

მესამე სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა 63.

დაკრძალვა – ვაკის სამების ტაძრიდან:

31 მაისი (სამშაბათი), 3 სთ-ზე.

Updated: 29.05.2022 — 18:53